მთავარი რეპორტაჟი ფესტივალი ფესტივალი „Art-გენი“ – გურია და აჭარა

ფესტივალი „Art-გენი“ – გურია და აჭარა

„Art-გენის“ თავგადასავალი გრძელდება: ფესტივალის მეექვსე დღეს აჭარლები – მოხდენილი ცეკვით, ხოლო გურულები ენაკვიმატი სიმღერით გამოირჩეოდნენ.

ცეკვის ანსამბლი „ბეთლემი“ (ქედადან) „განდაგანას“ ასრულებდა. ანსამბლს  სახელწოდება აჭარის ერთ-ერთი მთის პატივსაცემად დაერქვა. „ – ქობულეთის თუ ხულოს მსგავსად, ჩვენც ჩვენი სპეციფიკური ცეკვა – „ცხმორისი“ გვაქვს, რომელიც ყველა დანარჩენი ცეკვისგან განსხვავდება,“ – გვითხრა ანსამბლის დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა – იმედა ფარტენიძემ. მისი თქმით, „განდაგანა“ ქედელი კაცის – ენვერ ხაბაზის შექმნილია.

ანსამბლები – „იადონი“ (ოზურგეთი) და „ხელხვავი“ (ლანჩხუთი) სცენაზე გურიის სახელით გამოვიდნენ. ორივე ანსამბლს ბიძინა მჟავია ხელმძღვანელობდა. „ – ბუნებაში არ არსებობს მოვლენა, რომლის შესახებაც გურულებს ნამღერი არ გვაქვს,“ – აღნიშნა ბატონმა ბიძინამ. მისი რეპერტუარი 100-ზე მეტი სიმღერისგან შედგება.

ძველად გურიაში ადესას ჯიშის ყურძენი 16 მეტრის სიმაღლემდე იზრდებოდა. ამიტომ საკრეფად „ნადის“ (დამხმარე ხელი გურიაში) მიმართავდნენ, რომლებსაც სიმღერაც ძალიან კარგად გამოსდიოდათ. მეზობლები ერთმანეთის ხმის გაგონებისას თვითონაც სიმღერას იწყებდნენ. ყურძნის კრეფისას „ადიგელა“ (ყურძნის კრეფის სიმღერა) მთელ სოფელში ისმოდა.

საღამოს ბოლოს ნინო ქათამაძემ თავისი უსასრულო ენერგიით სცენაზე საოცრება მოახდინა. ნინო ყოველ სიმღერას მსმენელთან ერთად მღეროდა. მასთან განსაკუთრებულ სიახლოვეს ალბათ, ყველა გრძნობდა.

მოგვიანებით, ნინო სიყვარულის ისტორიაშიც მონაწილეობდა: მისი დახმარებით, ბიჭმა შეყვარებულს ხელი სცენაზე სთხოვა, რაზეც მაშინვე თანხმობა მიიღო. ამის შემდეგ კონცერტი გვიან ღამემდე გაგრძელდა.

ემოციებით და სიყვარულით სავსე დღე ასე დასრულდა. წინ რაჭა და სამცხე-ჯავახეთი გველოდება…

pepper.ge