მთავარი შემოქმედება ფესტივალი ფესტივალი „Art-გენი“ – სამეგრელო და თუშეთი

ფესტივალი „Art-გენი“ – სამეგრელო და თუშეთი

ბევრი ვიარეთ თუ ცოტა, სამეგრელოში და თუშეთში „ჩავედით“. საღამო ამ რეგიონებისთვის დამახასიათებელი სიმღერით და ცეკვით დაიწყო.

რეზო ბულიას სახელობის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი „ჩელა“ სცენაზე „მებადურთა ცეკვით“ გამოვიდა. ანსამბლის დამაარსებელი – რეზო ბულია ლეგენდარული მოცეკვავე გახლდათ. სცენაზე 70 წლის განმავლობაში გამოდიოდა. 89 წლის ასაკში რეპეტიციისას გარდაიცვალა.

„ – სამწუხაროდ, ბატონმა რეზომ „სადადიანოს“ დასრულება ვეღარ მოასწრო. ის შემდგომში ჩვენ დავასრულეთ,“ – გვითხრა ანსამბლის ხელმძღვანელმა – რომეო ბულიამ. 45 წლის „ჩელა“ რეზო ბულიას საავტორო ცეკვებს ინარჩუნებს.

მოგვიანებით, სცენაზე ნოკო ხურციას მიერ დაარსებულმა ლეგენდარულმა ანსამბლმა „ჰარირამ“ უნიკალური სასცენო ნომერი შეასრულა: „ზარმაცი ბექია“ თანასოფლელებს მეგრულად ესაუბრებოდა – არც გავთოხნი, არც დავბარავ და არც ლობიოს შევჭამო…

წლებია, რაც „ჰარირას“ ანზორ თორდია ხელმძღვანელობს. „ – თბილისიდან აბაშაში ანსამბლის შესაქმნელად დავბრუნდი. ამის გამო ჩემს მეუღლეს ინსტიტუტის მიტოვება მოუხდა…“ – გვიამბო ბატონმა ანზორმა. წლების წინ, ანსამბლი კუბაში, გასტროლებზე გაემგზავრა, სადაც დარჩენის და მუშაობის შესაძლებლობა ჰქონდა, მაგრამ „ჰარირას“ წევრებმა სამშობლოში დაბრუნება არჩიეს. მას შემდეგ ანზორ თორდიამ 8 ცეკვა აღადგინა და მუშაობას კიდევ აგრძელებს.

დღის ბოლოს ფესტივალის ყველა სტუმარი ჯგუფის – „ფრანი“ გამოჩენას ელოდა. „ფრანის“ წევრებმა ჯერ ღვინო დაისხეს და თან, სიმღერაც დაიწყეს. ცოტა ხანში, სიმღერაში ყველა აიყოლიეს.

14 წლის წინ, „ფრანის“ წევრები „Art-გენზე“ ჩუმად შემოიპარებოდნენ ხოლმე. მოგვიანებით, სცენაზეც ავიდნენ და მსმენელს თავიც შეაყვარეს.

ასე დასრულდა ფესტივალის კიდევ ერთი საინტერესო დღე. ჩვენ კი შემდეგი რეგიონისკენ „მივემართებით“ (გურია და აჭარა).

pepper.ge