მთავარი ღონისძიება ფესტივალი ფესტივალი „Art-გენი“ – სვანეთი და ქვემო ქართლი

ფესტივალი „Art-გენი“ – სვანეთი და ქვემო ქართლი

ფესტივალის მე-4 დღეს მონაწილეები სცენაზე სვანეთისა და ქვემო ქართლისთვის დამახასიათებელი შემართებით გამოვიდნენ.

ფოლკლორული ანსამბლი „იბერია“ მარნეულიდან  ჩამოვიდა. „ – მარნეულში ანსამბლი საერთოდ არ ჰყავდათ. მაქსიმალურად ვცდილობთ, შემოქმედებითად ძალიან მალე განვვითარდეთ,“ – გვითხრა „იბერიის“ ხელმძღვანელმა – კაკი ლობჟანიძემ. თავად ჯერ ლაგოდეხის ანსამბლში მღეროდა, შემდეგ „რუსთავის“ მოცეკვავეც გახლდათ. მისი ანსამბლი „Art-გენზე“ თითქმის ყოველ წელიწადს გამოდის.

„შავფაროსნების“ გამოსვლას ყველა მოუთმენლად ელოდა. ხანჯლებით და ფარებით შეიარაღებულებმა სცენაზე საომარი მოქმედებები გამართეს. „ – ყველას გვაქვს ჩვენი „შინაგანი კოდი“, რომელიც ხმლის ხელში დაჭერისას და მეგობრებთან ერთად ბრძოლის ველზე გასვლისას იღვიძებს,“ – გვითხრა მარიტა ბიბლაიამ. სასცენო ნომრის შესრულების შემდეგ, მას ხელი გაჭრილი ჰქონდა. „შავფაროსნების“ ბრძოლა სინამდვილისგან ცოტათი თუ განსხვავდება. ამიტომ გაუთვალისწინებელი შემთხვევებიც ხშირია.

როგორც სპარსულ წყაროებშია მოხსენიებული, „შავფაროსნები“ ქართველი „ასასინები“ იყვნენ. მტერს თავს ესხმოდნენ და დიდ ზიანსაც აყენებდნენ. მათი საბრძოლო ხელოვნების შესახებ ინფორმაციას თანამედროვე „შავფაროსნები“ წლების განმავლობაში რეგიონებიდან აგროვებდნენ, შემდეგ ინტერპრეტაციას აკეთებდნენ და საბოლოოდ, საოცარ სანახაობად აქციეს.

საღამოს ბოლოს სცენაზე ჯგუფი „რეგიონი“ გამოჩნდა. მათი სიმღერა ძალიან პოზიტიურია, რაც მსმენელის ემოციებზე აისახა კიდეც. „ – გურიაში რეგი ყოველთვის აქტუალური იყო. ამას რომ ვამბობ, ყველას ძალიან უკვირს,“ – გვითხრა ჯგუფის სოლისტმა – ლაშა ნოზაძემ.

ლაშა გურიაში დაიბადა. რეგი ბავშვობიდან უყვარდა. მოგვიანებით, ამ სტილის სიმღერების შექმნაც დაიწყო, რაც უკვე 10 წელია, ძალიან კარგად გამოსდის. ფესტივალზე ჯგუფის ახალი ალბომის პრეზენტაცია შედგა.

„Art-გენის“ მეოთხე დღე ძალიან კარგი განწყობით დასრულდა. შემდეგი „გაჩერება“ სამეგრელო და თუშეთი იქნება.

ავტორი: ირაკლი შალამბერიძე

pepper.ge