მთავარი შემოქმედება ფესტივალი ფესტივალი „Art-გენი“ – იმერეთი და მცხეთა მთიანეთი

ფესტივალი „Art-გენი“ – იმერეთი და მცხეთა მთიანეთი

ფესტივალი „Art-გენი“ საქართველოს კუთხეებში „მოგზაურობას“ აგრძელებს: მესამე დღე იმერეთს და მცხეთა-მთიანეთს მიეძღვნა. საღამო რეგიონიდან ჩამოსული სტუმრების საინტერესო რეპერტუარით დაიწყო…

ქორეოგრაფიული ანსამბლი – „იმერეთი“ და ჯგუფი – „მასპინძელო“ სცენაზე ერთობლივად გამოვიდნენ. თერჯოლიდან ჩამოსულებმა ახალი იმერული ცეკვა შეასრულეს, რომელიც ამ რეგიონის ხასიათს საოცარი სიზუსტით ასახავს.

„ – გოგოს ბიჭი მოსწონს, ბიჭს – გოგო, იქვე ღვინოსაც სვამენ, ერთმანეთს შორის იმერლებისთვის დამახასიათებელი გახედვა-გამოხედვა აქვთ… ვფიქრობ, ამ ცეკვით იმერეთის სახე ძალიან კარგად ჩანს,“ – გვითხრა ანსამბლის ხელმძღვანელმა – გოჩა ჭანკვეტაძემ. ბავშვებთან ერთად, ბატონი გოჩა მალე გასტროლებზე, საფრანგეთსა და იტალიაში გაემგზავრება.

ქართული ფოლკლორის მოსწავლეთა სასახლის ანსამბლმა „მერმისმა“ ფესტივალზე საკუთარი რეპერტუარი წარმოგვიდგინა. „ – სასახლეში ბავშვები განათლებას საუკეთესო პედაგოგებისგან (ფრიდონ სულაბერიძე, ანზორ ერქომაიშვილი…) იღებენ,“ – აღნიშნა სასახლის გუნდის ხელმძღვანელმა – ნუგზარ დავით ქავთარაძემ. სასახლის გუნდის გარდა, ის ხელმძღვანელობს: ანსამბლ „კელაპტარს“, სიმღერის და ცეკვის ანსამბლ „ქალილოს“, ბავშვთა ანსამბლ „მერლინს“…

საღამოს ხმაურიან დასასრულზე რობი კუხიანიძემ იზრუნა. მან რეპერტუარი სხვადასხვა პროექტში შესრულებული სიმღერებიდან შეადგინა და ჯგუფ Outsider-თან ერთად იმღერა. „ – ჩვენი სიმღერები მარტივად გასაგებ რეალურ ფაქტებზეა აგებული. მინდა, ყველა ეს პატარა ამბავი სერიოზულ თემად ვაქციო,“ – გვითხრა რობიმ. სტუმრებს მისი სცენიდან გაშვება საერთოდ არ სურდათ.

რობის შემოქმედებამ „Art-გენი“ მესამე დღეს „გაახურა“. ფესტივალის გაგრძელებას სვანეთის და ქვემო ქართლის წარმომადგენლები შემოგვთავაზებენ.

pepper.ge