მთავარი შემოქმედება ფესტივალი ფესტივალი „Art-გენი“ – შიდა ქართლი

ფესტივალი „Art-გენი“ – შიდა ქართლი

ამიერკავკასიაში ყველაზე მასშტაბური ეთნოფესტივალი – „Art-გენი“ გრძელდება: ფესტივალის მეორე დღე შიდა ქართლს დაეთმო. ტრადიციულად, საღამო ფოლკლორული მუსიკის ფონზე გაიხსნა.

ფოლკლორული მუსიკის ნაწილში, ყველაზე მეტი დრო ილიას სახელმწიფო უნივერსტიტეტის სტუდენტურ გუნდს დაეთმო, რომელსაც ეთნომუსიკოლოგი და მუსიკის ფოლკლორისტი – თამაზ გაბისონია ხელმძღვანელობდა.

„ – ქართულ სიმღერაში სოლისტები მხოლოდ ერთ ხმას მღერიან. ამიტომ ვცდილობ, ყველა სოლისტს სცენაზე სიმღერის შესაძლებლობა მივცე,“ – გვითხრა ბატონმა თამაზმა. საუნივერსიტეტო ანსამბლი „Art-გენში“ უკვე მეოთხედ მონაწილეობს. მის წევრებს, უნივერსიტეტში სწავლის დასრულების შემდეგ, ხშირად გუნდის დატოვება უწევთ, ამიტომ ანსამბლი სცენაზე ყოველ წელს განახლებული შემადგენლობით გამოდის.

საღამოს დასკვნითი ნაწილი ბენდს – Asea Sool დაეთმო. ბათუმელმა და-ძმამ – ათინა და ბექა ჯანუაშვილებმა განსხვავებული სტილით და ქარიზმატული განწყობით მსმენელზე საკმაოდ ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინეს.

მათ მუსიკის შექმნა 90-იან წლებში დაიწყეს. „ – არაფერი გვქონდა: არც – ინტერნეტი, არც – დენი, მხოლოდ – ინსტრუმენტები და სიმღერა… ასე დიდხანს გაგრძელდა,“ – აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ათინამ. ბენდის სახელწოდებაც – Asea Sool  („ასეა სულ“) აქედან მოდის.


ვითარების შეცვლის მიზნით, ბექა უკრაინაში, კონცერტებში სოლო რეპერტუარით მონაწილეობდა. მოგვიანებით, და-ძმა სცენაზე უკვე ერთად გამოდიოდა. „ – „ასეა სულ“  – ახლა ამას მხოლოდ პოზიტიური განწყობით თუ ვიტყვით,“ – გვითხრა ათინამ. ამჟამად ბენდს 2 მუსიკალური ალბომი აქვს (სოლო ალბომი და სიმღერები ფილმებიდან, საკუთარი ინტერპრეტაციით).

მეორე დღემ სასიამოვნო ემოციების ფონზე ჩაიარა. შიდა ქართლის შემდეგ, ფესტივალის მესამე დღეს უკვე იმერეთსა და მცხეთა მთიანეთში „გავემგზავრებით“.

pepper.ge