მთავარი შემოქმედება ფესტივალი ფესტივალი „Art-გენი“ – კახეთი და ლეჩხუმი

ფესტივალი „Art-გენი“ – კახეთი და ლეჩხუმი

17 ივლისს, გიორგი ჩიტაის სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმში, ფესტივალი „Art-გენი“ ფოლკლორული მუსიკის ფონზე გაიხსნა. 8-დღიანი ფესტივალის განმავლობაში, სიმბოლურად, ყოველი დღე რომელიმე კონკრეტულ რეგიონს დაეთმობა. 17 ივლისი კახეთის და ლეჩხუმის აღმოჩნდა.

„Art-გენი“ 2004 წლიდან ყოველწლიურად ტარდება. წელს ფესტივალში ანსამბლები თითქმის ყველა რეგიონიდან მონაწილეობენ. ყოველი დღის დასკვნით ნაწილში, სცენაზე  ცნობილი მუსიკალური ჯგუფები და მომღერლები გამოვლენ: „33ა“, რობი კუხიანიძე, ნინო ქათამაძე, „ფრანი“, სოფი ვილი, Asea Sool…

ფესტივალზე გამოსული მუსიკოსების რეპერტუარი სპეციალურად „Art-გენისთვის“ შეირჩა. დღევანდელი საღამოს გახნით ნაწილში მონაწილე ანსამბლი – „კახელო“ ყვარლის რაიონიდან გახლავთ. ანსამბლის წევრი 20-მდე ბავშვი უკვე წელიწადზე მეტია, ამ საღამოსთვის ემზადებოდა. მათი სიმღერა საკმაოდ შთამბეჭდავია.

„ჩემი ცოლის დაქალების“ მსახიობი – მალხაზ ჩიდრაშვილი წლებია, თელავის ფოლკლორულ ანსამბლში მღერის. სიმღერა ბავშვობიდან დაიწყო და შემდეგ მსახიობობაც შეუთავსა – თელავის, ვაჟა ფშაველას სახელობის თეატრში მსახიობად მუშაობს. „ – სერიალში თუ ისევ დამიძახებენ, სიამოვნებით დავბრუნდები,“ – ამბობს ბატონი მალხაზი. მისი სასტიკი როლი ყველას გვახსოვს. ტრანსგენდერის სიკვდილის ამბავი როგორ გაგრძელდება, თავადაც არ იცის.

სოფი ვილის (სოფო ხუციშვილი) ახალი ალბომის რეპერტუარმა – Planet A პირველად ფესტივალის გახსნის დღეს გაიჟღერა. სოფი წარმოშობით კახეთიდან გახლავთ. მუსიკით ბავშვობიდან დაინტერესდა. 14 წლის ასაკიდან სიმღერებს წერს. უკვე წლებია, ამერიკაში მოღვაწეობს, სადაც სხვადასხვა ქალაქში კონცერტებს ხშირად მართავს. „ – საზღვარგარეთ სადაც არ უნდა ვიმღერო, პირველად იმას ვამბობ, რომ საქართველოდან ვარ,“ – ამბობს სოფი. მის სიმღერებს ამერიკისა და ინგლისის ცნობილ რადიოებში ხშირად მოისმენთ.

„Art-გენის“ წლევანდელი დევიზია – „დავუბრუნდეთ ტრადიციებს“. 8 დღის განმავლობაში, ფესტივალზე საქართველოს ყველა რეგიონის მუსიკა გაიჟღერებს, მათ შორის – აფხაზეთის (21 ივლისი). წლევანდელი „Art-გენი“ 24 ივლისს, სუხიშვილების კონცერტით დაიხურება. (შიდა ქართლი…)

pepper.ge