მთავარი სოციალური ცხოვრება გამორჩეული ადამიანები ანა პოლიტკოვსკაია

ანა პოლიტკოვსკაია

ანა მაზეპა 1958 წლის 30 აგვისტოს, ნიუ-იორკში დაიბადა. მისი მშობლები უკრაინელები იყვნენ, თუმცა თავად დაბადებიდან ამერიკის მოქალაქე გახლდათ.

20 წლის ანა ჟურნალისტ ალექსანდრ პოლიტკოვსკიზე გათხოვდა და მისგან ორი შვილი ეყოლა. რუსეთში, 1980 წლამდე ჟურნალისტიკას სწავლობდა, შემდეგ კი სხვადასხვა ჟურნალსა თუ გაზეთში მუშაობდა. ამერიკაში წასვლას არ გეგმავდა, რადგან რუსეთში თავი დამკვიდრებული ჰქონდა.

1994 წელს ყოველკვირეულ გაზეთ Обшая Газета-სთვის საგანგებო სიტუაციების შესახებ წერა დაიწყო. ამავდროულად, გაზეთ Новая Газета-ს ჟურნალისტიც იყო, სადაც ვრცელი რეპორტაჟების წერისა და აზრის თავისუფლად გამოთქმის შესაძლებლობა ჰქონდა.

დიდი გამბედაობის წყალობით, ის 1999 წლიდან Новая Газета-ს სახელით, ჩეჩნეთის ომში კორესპონდენტად მუშაობდა. იქიდან რუსეთის ჯარის დანაშაულებრივ ქმედებებზე – ხალხის წამებაზე, მკლელობებსა და კორუფციაზე ინფორმაციას ავრცელებდა.

სხვა ჟურნალისტებს უკვირდათ, რასაც პოლიტკოვსკაია ბედავდა: ვლადიმირ პუტინის მმართველობის პერიოდში, რუსეთის მედიასივრცეში ცენზურას მკაცრად იცავდნენ. პუტინის გაკრიტიკება აკრძალული იყო. ამის გამო, პოლიტკოვსკაია უკან არასდროს იხევდა. რუსეთში კორუფციისა თუ ადამიანების მიმართ არაჰუმანური დამოკიდებულების შესახებ დიდი ენთუზიაზმით წერდა და სიტყვის თავისუფლებაზე ხშირად საუბრობდა.

მსოფლიოს მასშტაბით მას როგორც გამომძიებელ ჟურნალისტს იცნობდნენ, რუსეთში კი მტრად მოიხსენიებდნენ. სიცოცხლის მოსპობით ხშირად ემუქრებოდნენ. ამიტომ საცხოვრებლად ცოტა ხნით შვეიცარიაში გადასვლა მოუხდა. 2002 წელს, რუსეთში დაბრუნების შემდეგ, ის სამხედროებმა დააკავეს და ძალიან დიდხანს დაკითხვას უწყობდნენ.

ამას პოლიტკოვსკაია არ შეუჩერებია – წერას ძველებურად აგრძელებდა. ის არც რუსეთის არმიას ემხრობოდა და არც – ჩეჩნეთის მებრძოლებს. მხოლოდ სიმართლეს წერდა. ამიტომ ორივე მხრიდან საფრთხე ემუქრებოდა. ანა პოლიტკოვსკაია 2006 წლის 7 ოქტომბერს (პუტინის დაბადების დღე), საკუთარი სახლის ლიფტში 4 გასროლით (მათ შორის, ერთი – თავში) მოკლეს.

ცნობილი ჟურნალისტის მკვლელობამ პრესის თავისუფლებას ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა. მკვლელი ვისი დაქირავებული იყო, დღემდე უცნობია.

თავისი მოღვაწეობის განმავლობაში, ანა პოლიტკოვსკაიას არაერთი პრიზი და ჯილდო აქვს მიღებული. მის ნამუშევრებსა და თავდადებას უფლებადმცველები ხშირად ახსენებენ.