მთავარი სოციალური ცხოვრება ფაუნა რატომ არ უნდა იაროთ ზოოპარკში

რატომ არ უნდა იაროთ ზოოპარკში

წარმოიდგინეთ, რომ მთელ ცხოვრებას ისეთ პატარა სივრცეში ატარებთ, რომელიც თქვენი საყვარელი საქმიანობისთვის საკმარისი არ არის, მაგალითად – მეგობრებთან ურთიერთობისთვის, სხვადასხვა აღმოჩენისთვის თუ უბრალოდ, მოგზაურობისთვის. ოჯახთან ერთად თავისუფლად ცხოვრების ნაცვლად, თქვენთვის უცხო ადგილას გამოკეტილი ხართ, ხშირად – მარტო ან ვინმესთან ერთად, ვისაც საერთოდ არ ენდობით. ამ დროს ასობით ადამიანი ყოველდღიურად გიყურებთ და ხშირად ნერვებს გიშლით… სასიამოვნო სცენარია? ზოოპარკში ცხოველებს ზუსტად ასეთი პირობები აქვთ შექმნილი.

ცხოველებს გამომწყვდევა ხშირად აგიჟებს 

ველურ ბუნებაში სპილოები დღეში 50 კმ-ს გადიან; დათვები გარემოცვას დღეში 18 საათის განმავლობაში აქტიურად იკვლევენ, ზოგჯერ – ასობით კმ-ის რადიუსზე; ვეფხვებს და ლომებს სირბილი და ცოცვა უყვართ. ნადირობისას ხშირად ძალიან დიდხანს დადიან… როცა ასეთ ანუ ნებისმიერ გარეულ ცხოველს გალიაში ცხოვრება უწევს, მისთვის მნიშვნელოვან საქმიანობას ვეღარ ახერხებს. პირადი სივრცე არ გააჩნია და გონებასაც ვერ ავარჯიშებს.

სასიცოცხლო მნიშვნელობის საქმიანობის გარეშე, ცხოველებს ხშირად ე.წ „ზოოქოზისი“ ემართებათ. ისინი ძალიან უცნაურად იქცევიან: დათვები და დიდი კატები წინ და უკან სიარულს იწყებენ, მაიმუნები და ჩიტები საკუთარ თავს იზიანებენ, ჟირაფები კისერს იგრეხენ და აქეთ იქით აქნევენ, სპილოები თავს ქვევით ხრიან და უცნაურად ამოძრავებენ… ცხოველთა ასეთ ქმედებებს ველურ ბუნებაში ვერ ნახავთ.

მათი ასეთი ქცევის თავიდან არიდების მიზნით, მომვლელები გამაყუჩებლებს და ფსიქოტროპულ წამლებს იყენებენ. ნიუ-იორკის ზოოპარკში პოლარული დათვი, სახელად – გასი, 8-იანის ფორმის მიმართულებით, წყალში დღეში 12 საათს დაცურავდა. გასი ველურ ბუნებაში სიარულით რა მანძილსაც დაფარავდა, ზოპარკში იმის 0,00009%-ს ახერხებდა. ვეტერინარები მას ანტიდეპრესანტებს ასმევდნენ და მკურნალობისთვის უამრავ ფულს ხარჯავდნენ. გასი ხშირად ადამიანებისკენ იწევდა. ამიტომ შუშის ბარიერიც აუშენეს. სიცოცხლე 27 წლის ასაკში ტყვეობაში დაასრულა.

ზოოპარკის მმართველები მხოლოდ ერთ რამეზე დარდობენ (ცხოველებზე – არა) 

ადამიანებს ზოოპარკში ახალდაბადებული ცხოველების ნახვა ძალიან ახარებთ. ამიტომ ზოოპარკში ცხოველების შეჯვარებას ხშირად ცდილობენ. ამ გზით საკმაოდ დიდი ფული „კეთდება“. გაზრდილ ცხოველებს ზოოპარკები ხშირად მხოლოდ იმის გამო ყიდიან, რომ ადამიანები მათ მიმართ ინტერესს აღარ იჩენენ…

ასეთი „გამოუსადეგარი“ ცხოველები დაბალბიუჯეტიან ზოოპარკებში ან ცირკებში ხვდებიან. ბევრი მათგანი იღუპება. მინესოტას ზოოპარკში აუქციონზე გაყიდული ცხოველები, ტყავის გამოყენების მიზნით, დახოცეს.

ზოოპარკები ცხოველებს არ ეხმარებიან

ზოოპარკები ირწმუნებიან, რომ ცხოველების შეჯვარების მიზეზი გადაშენების პირას მყოფი ჯიშების გადარჩენაა. ორგანიზაციამ – Captive Animal Protection Society (CAPS) გამოიკვლია, რომ ზოოპარკში მყოფი ცხოველების უმეტესობა გადაშენების პირას საერთოდ არ არის, ხოლო გალიაში გამომწყვდეული ცხოველები ველურ ბუნებაში ვერასოდეს დაბრუნდებიან.

ზოოპარკები უპირატესობას დიდ, „პოპულარულ“ ცხოველებს ანიჭებენ, ხოლო იმ ჯიშებს, რომლებსაც დახმარება სჭირდება, ხშირად იგნორირებას უკეთებენ. მათ ცხოველების გადაშენების ძალიან რომ ეშინოდეთ, ბუნებაში (გალიების გარეშე) დაეხმარებოდნენ.

ზოოპარკში განათლებას ვერ მიიღებთ

გალიებში ცხოველებზე დაკვირვებისას, მათ შესახებ თითქმის ვერაფერს გაიგებთ. ზოოპარკში მხოლოდ იმას ისწავლით, რომ ცხოველების გალიებში გამომწყვდევა „ნორმალურია“.

სტუმრების უმრავლესობა გალიებთან რამდენიმე წუთს ატარებს, სადაც მხოლოდ ცხოველის დასახელებას, მათი კვების რაციონს და წარმომავლობის შესახებ იგებს. ცხოველების ქცევის და მანერების დაკვირვება ძალიან რთულია, ისინი ჩვეულ და მათთვის ნორმალურ გარემოში არ იმყოფებიან, მაგალითად – ჩიტები თავისუფლად ვერ დაფრინავენ, წყალთან მცხოვრებ ცხოველებს არასაკმარისი წყალი აქვთ, ბევრი მათგანი ჯოგებში უნდა ცხოვრობდეს, ზოოპარკში კი – ძირითადად, მარტო ან მეწყვილესთან ერთად ცხოვრობენ.

ზოოპარკი ცხოველებისთვის საშიშია

თუ დავფიქრდებით, ზოოპარკი ციხეა, სადაც ცხოველებს საკუთარი თავის დაცვა ან საშიში სიტუაციებიდან თავის დაღწევა არ შეუძლიათ. ცხოველები ზოოპარკებში იწამლებიან, შიმშილობენ, ხშირად ვეტერინარის დახმარებასაც არ იღებენ და ა.შ.

ბევრ მათგანს სტუმრების მიერ მიწოდებული საკვები დიდ ზიანს აყენებს. ბუნებრივი კატასტროფები (წყალდიდობები, ქარბუქი, ხანძარი) ზოოპარკებს ხშირად აზიანებს. ყველას გვახსოვს, წყალდიდობისას თბილისში რაც მოხდა…

სხვა ფაქტებიც არსებობს:

2000 წ. – ერთ-ერთ ზოოპარკში, 18 წლის ტუჩა დათვი დახურულ სივრცეში გამოზამთრების მიზნით ჩაკეტეს, სადაც ცხოველი დაიღუპა. ტუჩა დათვი რომ არ იზამთრებს, ზოოპარკის წარმომადგენლებმა ეს არ იცოდნენ.
2002 წ. – პრაღის ზოოპარკში მომხდარმა წყალდიდობამ სპილო და ჰიპოპოტამი შეიწირა.
2004 წ. – 13 წლის მამრი გორილა დალასის ზოოპარკიდან გაქცევის შემდეგ მოკლეს.
2007 წ. – კლივლენდის ზოოპარკში მატარებელმა კენგურუ გაიტანა.
2008 წ. – მელბურნის ზოოპარკში მომვლელმა სპილოს დანით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა.
2012 წ. – პოლარული დათვი ბუენოს-აირესში სიცხისგან დაიღუპა.
2015 წ. –  ღაზას სექტორში მდებარე ზოოპარკში ცხოველები სიმშილისგან და წყურვილისგან დაიხოცნენ.
2015წ. – დუისბურგის ზოოპარკში (გერმანია) ორანგუტანი გაქცევისას მოკლეს.
2015წ. – მელბურნის ზოოპარკში (ავსტრალია) 20 წლის მდედრ გორილას – ჯულის სხვა ზოოპარკიდან ახლადგადმოყვანილი ახალგაზრდა გორილა თავს დაესხა და მოკლა.
2016წ. – ცინცინატის ზოოპარკში გორილა, სახელად – ჰარამბე, მაშინ მოკლეს, როცა 4 წლის ბიჭუნა მასთან გალიაში აღმოჩნდა.
2017. – ზოოპარკში (პარიზთან ახლოს) თეთრი მარტორქა, სახელად – ვინსი, თავდამსხმელებმა მოკლეს – რქა მოაჭრეს და მიიმალნენ.

შენ შეგიძლია დახმარება!

მსოფლიოს მოსახლეობის ნაწილის აზრით, ზოოპარკები იძულებულები გახდებიან, საქმიანობა შეწყვიტონ, თუკი პროტესტის ნიშნად, ადამიანები ზოოპარკში აღარ მივლენ, ბილეთებს არ იყიდიან და ამის შესახებ სხვებსაც გააფრთხილებენ.

ტელევიზორში და ინტერენტში ხშირად შეხვდებით დოკუმენტურ ფილმებს თუ სტატიებს, სადაც შეკითხვაა დასმული: რატომ უნდა დაიტანჯონ ცხოველები? მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ მათი დანახვა შევძლოთ? ცხოველთა დამცველები მიიჩნევენ, რომ პასუხი მარტივია: ზოოპარკის არსებობა აუცილებლობას არ წარმოადგენს. თანამედროვე ეპოქაში, ცხოველებზე დაკვირვება და მათ შესახებ ინფორმაციის მიღება ადამიანებს ინტერნეტის მეშვეობით მარტივად და რაც მთავარია, ცხოველთა ტანჯვის გარეშე შეუძლიათ.