მთავარი პიროვნება პიროვნება კიბო განაჩენი არ არის – სიცოცხლის თავიდან დაწყების სამი სამაგალითო შემთხვევა

კიბო განაჩენი არ არის – სიცოცხლის თავიდან დაწყების სამი სამაგალითო შემთხვევა

ძუძუს კიბო – ეს ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე ვერაგი და ფართოდ გავრცელებული დაავადებაა. თუმცა, ეს დაავადება განაჩენი სულაც არ არის, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ კი დროზე შეძლებ მის აღმოჩენას და შესაბამის მკურნალობას.  მსოფლიო მასშტაბით ძუძუს კიბო ქალთა სიმსივნეების ხუთეულში საპატიო პირველ ადგილს იკავებს.

ამ მხრივ არც საქართველოს სტატისტიკაა სახარბიელო. ყოველ წელს  ჩვენს ქვეყანაში ონკოლოგიური დაავადებების 9 ათასი ახალი შემთხვევა, აქედან 1800 ძუძუს კიბოს შემთხვევა ფიქსირდება. სტატისტიკა საკმაოდ საგანგაშოა, რადგან თითქმის ყოველი მე-8 ქალი ამ დაავადების რისკის წინაშე დგას.

სარძევე ჯირკვლის სიმსივნე გაახალგაზრდავებულია, შესაბამისად, პაცინეტთა რაოდენობაც დღითიდღე იზრდება. თუ ადრე ეს დაავადება  40 წელს გადაცილებულ, ან მხოლოდ გათხოვილ ქალბატონებში გვხვდებოდა, დღეს უკვე გასათხოვარ ქალებშიც, მათ შორის, 19-20 წლის გოგონებშიც პროგრესირებს.

  ძუძუს კიბოს შემთხვევები ხშირად ფატალურად მთავრდება, თუმცა, დაავადების მკურნალობის ადრეულ პერიოდში დაწყება ფაქტობრივად გარანტიაა იმის, რომ მის დამარცხებას მარტივად შეძლებ.

მკერდის კიბოს განვითარებაში ერთ-ერთი გადამწყვეტი მნიშვნელობა გენეტიკას აქვს. ასევე მოქმედებს აბორტი, რეპროდუქციული სისტემის დაავადებები, ჰორმონალური დისბალანსი, რადიაქტიური ზემოქმედება, მკერდის ტრავმები, სტრესი, გარემო პირობები  და ა.შ. პრევენციის საუკეთესო მეთოდი ჯანსაღი ცხოვრების წესის მიყოლა, ჯანსაღი კვება და 6 თვეში ერთხელ მამოლოგთან კონსულტაციაა.

საქართველოში და ასევე მსოფლიოს 46 ქვეყანაში არსებობს ძუძუს კიბოთი დაავდებულთა დასახმარებლად შექმნილი ორგანიზაცია, ”ევროპა დონა”, რომლის პრეზიდენტიც, 48 წლის ანა მაზანიშვილი თავადაც პაციენტია. მან წლების წინ აღმოაჩინა ვერაგი დაავადება, ბევრი იბრძოლა და დღეს უკვე სხვებს უწვდის დახმარების ხელს. თუმცა, თავადაც სჭირდება მუდმივი კონტროლი და პერიოდული მკურნალობა.

-ანა, რა ასაკში აღმოგაჩნდათ ძუძუს კიბო?
-როცა კვანძები აღმოვაჩინე, მაშინ ძალიან ახალგაზრდა ვიყავი. თავის დროზე ოპერაცია არ გავიკეთე, რაც ჩემი მხრიდან დიდი შეცდომა იყო. რადგანაც წლების განმავლობაში კვანძებს ვაკონტროლებდი, 6 თვეში ერთხელ ექიმთან კონსულტაციაზე მივდიოდი, ჩავთვალე, რომ საფრთხე არ მემუქრებოდა. ერთ-ერთ ასეთ შემოწმებაზე მითხრეს, რომ კვანძები ავთვისებიან სიმსივნეს ჰგავდა.  2012 წელს ძუძუს კიბო დამიდგინდა. საბედნიეროდ, ჩემი კონტროლის მექანიზმის გამო პირველ სტადიაზე აღმოვაჩინე ეს დაავადება.

-ალბათ, დიაგნოზის მოსმენა ძალიან მძიმე იქნებოდა, არა?
-ეს უმძიმესი მომენტი იყო. პირველ წუთებში თვლი რომ ცხოვრება დამთავრდა. თითქოს, ამ ამბავს ძალიან ძლიერად შევხვდი. სანამ ციტოლოგიის შედეგი არ გავიგე, მაინც იმედი მქონდა, იქნებ შეცდნენ-მეთქი. როცა გავიგე, რომ სიმსივნე მქონდა,  მეორე დღეს სრულიად სხვა ადამიანმა გავიღვიძე, მივხვდი რომ აქამდე არაპრობლემურ თემებზე ვნერვიულობდი, ვიხარჯებოდი. არადა, თურმე ყველაზე მნიშვნელოვანი ის ყოფილა, რომ ადამიანმა იცოცხლო და შენს საყვარელ ადამიანებს რაც შეიძლება დიდი ხანი უყურო.

კიბო განაჩენი არ არის იმ შემთხვევაში, როცა არ ნებდები და როცა სწორ, დროულ მკურნალობას გადიხარ.  მეც საკმაოდ რთული ოპერაცია გადავიტანე, ორმხრივი რადიკალური მასტექტომია დამჭირდა. მხოლოდ ერთ ძუძუზე იყო სიმსივნე, მაგრამ მეორეზე კვანძები იყო, ამიტომ პრევენციის მიზნით ორივე მოვიკვეთე.

-ეს არ იყო რთული გადაწყვეტილება?
-რა თქმა უნდა, ეს  ყველაზე რთული გადაწყვეტილება იყო, მაგრამ აქვე ყველა ქალს მინდა ვუთხრა, რომ ძუძუს გარეშე ცხოვრება სირთულეს არ წარმოადგენს. უბრალოდ პრიორიტეტი სწორად უნდა განსხაზღვრო, რა არის შენთვის მნიშვნელოვანი, ცხოვრება, თუ ესთეტიკა. თუმცა, ესეც მოგვარებადია, ონკოპლასტიკის გაკეთება შესაძლებელია. სამწუხაროდ,  ეს ოპერაცია არ ფინანსდება და საკმაოდ ძვირადღირებულიც არის.

-ანა, წლებია ამ პრობლემას ებრძვით, რას ურჩევდით ქალბატონებს?
-აუცილებელია, წელიწადში ერთხელ მაინც ძირეული გამოკვლევა ჩაიტარონ, რომელიც ექოსკოპიას, ექიმთან კონსულტაციას და სისხლის ანალიზის გაკეთებას მოიცავს.  ყოველი მე-8 ქალი ძუძუს კიბოს რისკის ქვეს იმყოფება, ამიტომ უფრო მეტი სიფრთხილე, უფრო მეტი  ქმედითი ნაბიჯი გვჭირდება. ადრეულ სტადიაზე აღმოჩენილი კიბოს მკურნალობა გაცილებით მარტივია, ვიდრე დაგვიანებულზე.

 სურვილი მაქვს, რომ სტუდენტებთან ვიმუშაო, წელიწადში რამდენჯერმე ლექცია-სემინარის მსგავსი წავიკითხო. მინდა ადამიანებმა არაჯანსაღი ცხოვრების წესს უარი უთხრან და ამის პარალელურად საფრთხეებიც დაინახონ, რისკები მათთან ერთად განვიხილო.

19-20 წლის პაციენტებიც გვყავს. ასეთ პატარა ასაკში ამ დაავადების მიზეზი ხშირ შემთხვევაში გენეტიკური, ან პოსტრამვულია. ძუძუს კიბოს შემთხვევების 25 პროცენტი  გენეტიკური ფაქტორიდან გამომდინარეა. დანარჩენი, არაჯანსაღი ცხოვრების წესის, სტრესის, დაბინძურებული გარემოს შედეგია.

ძუძუს კიბო აღმოაჩნდა 46 წლის თამარ ნიშნიანიძესაც.  თუმცა, დაავადებასთან ბრძოლის ძალა საკუთარ თავში ძალიან მალე იპოვა და სიმსივნე დაამარცხა კიდეც. მიუხედავად ქირურგიული ჩარევისა, დანიშნული ქიმიოთერაპიისაა და მისი თანმდევი რთული ეტაპებისა, ის დღემდე აქტიურად მუშაობს.
-თამარ, როგორც ვიცი, საკმაოდ რთული ფორმის სიმსივნე აღმოგაჩნდათ, რომელსაც თქვენი ძლიერი ხასიათის წყალობით არ შეუშინდით.  
-დიახ. თითქმის სამი წლის წინ აღმომაჩნდა ავთვისებიანი სიმსივნე, რომელიც საკმაოდ შორს იყო წასული, მესამე სტადია მქონდა. ლიმფურ ჯირკვლებში 32 მეტასტაზი იყო,  რის გამოც ქიმიური და სხივური თერაპიის ინტენსიური მკურნალობა დამენიშნა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი რთული იყო, მაინც გავაკეთე.

რა თქმა უნდა, დიაგნოზის მოსმენისას ძალიან დიდ სტრესს და დიდ შოკს იღებ, მაგრამ მეორე დღეს უკვე სხვანაირად იწყებ ფიქრს, ემზადები და მომართული ხარ, რომ ამ დაავადებას შეებრძოლო. კიბოს გარდა ადამიანებს ცხოვრების გზაზე ისედაც უამრავი სირთულე გვხვდება, როგორც მათ ვებრძვით, ისე უნდა ვებრძოლოთ კიბოსაც.

-ვინ დაგეხმარათ ამ დაავადებასთან ბრძოლის პერიოდში?
-როცა ეს უმძიმესი ფორმა აღმომაჩნდა, ზუსტად იმ დროს გავიცანი ანა მაზანიშვილი, რომელმაც უდიდიესი დახმარება გამიწია. მიუხედავად იმისა, რომ პროფესიით ექიმი ვარ და დედაჩემსაც ეს დიაგნოზი ჰქონდა, აღმოჩნდა, რომ მაინც ძალიან ბევრი რამე არ ვიცოდი, ინფორმაციულ ვაკუუმში ვიყავი. მკურნალობის პროცესს ძალიან ბევრი გართულება ახლავს თან, უამრავი ნიუანსი უნდა იცოდე, ამისთვის მზად უნდა იყო. თითოეული გართულება ადამიანს პანიკაში გაგდებს, ასეთ დროს, სხვა რომ გამხნევებს, ინფორმაციას გაწვდის, ძალიან დიდი შვებაა, იმის ფონზეც კი, რომ ძალიან მებრძოლი ტიპი ვარ.

ძალიან დამეხმარა ასევე ჩემი ვაჟი, მსახიობი რევაზ ნასიძეც. სხვათა შორის, ის არის ჩემთვის ყველაზე დიდი მიზეზი, რომ კარგად ვიყო.

-რადიკალური მასტექტომია დაგჭირდათ?
-დიახ, ერთი მკერდის მოკვეთა დამჭირდა. სიმართლე გითხრათ, ამას ახლაც ვერ ვეგუები, მაგრამ მკურნალობის პერიოდში ამაზე საერთოდ არ ვღელავდი, ამაზე კი არა ძალიან ბევრ რამეზე არ ვფიქრობდი. ჩემი ტვინი მხოლოდ იმით იყო დაკავებული იმ დღის ტკივილი და პრობლემა გადამელახა. ახლა უკვე როცა კარგად ვარ, ესთეტიკური მხარე მაწუხებს, მინდა ონკოპლასტიკის გაკეთება, მაგრამ ეს ძალიან დიდ თანხებთანაა დაკავშირებული.

-როგორც ვიცი, ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული პროცესი ქიმიოთერაპიის შედეგად თმების ცვენაა. იყო ეს თქვენთვისაც მძიმე?
-არა, ამაზე გართულება არც მქონია. ვიცოდი რომ ეს დროებითი იყო, გამცვივდებოდა და ისევ ამომივიდოდა. გადაპარსული თავით ფოტოსესიაშიც კი მივიღე მონაწილეობა.

ქალებს ვურჩევდი, რომ ყოველ 6 თვეში ერთხელ გამოკვლევა გაიკეთონ, ეს აუცილებელია! ადრეულ სტადიაზე აღმოჩენილი სიმსივნის მკურნალობა ბევრად მარტივია! ამ დაავადების მიმდინარეობა  ადამიანის განწყობაზე ძალიან არის დამოკიდებული. დავაკვირდი, რომ პაციენტებს, რომლებიც ამ ფაქტს დეპრესიულად მიჰყვნენ, უფრო გაურთულდათ მდგომარეობა. ვინც ოპტიმისტურად უდგება, პოზიტიური განწყობითაა, გართულებებიც ნაკლებად აქვს.

-როგორც ვიცი, მიუხედავად იმისა, რომ ამ დაავადებასთან მოგიწიათ ბრძოლა, მუშაობისთვის თავი არ დაგინებებიათ.
-ზუსტად იმ პერიოდში, როცა აქტიურ მკურნალობას ვიტარებდი, დიდუბის რაიონის გამგეობაში დავიწყე მუშაობა, გამგებლის თანაშემწე ვარ. დღემდე აქტიურად ვმუშაობ.

26 წლის ნატუკა ტურაშვილის საკმაოდ პატარა ასაკში, 22 წლისას აღმოაჩნდა ძუძუს კიბო. ეს დიაგნოზი ორმაგად მტკივნეული და რთული აღმოჩნდა მისთვის, რადგან ეს ამბავი დედის გარდაცვალებიდან მალევე შეიტყო. ნატუკას დედა წლების განმავლობაში სიმსივნეს ებრძოდა.

-ნატუკა, ძალიან რთულ ეტაპზე მოგიწიათ თქვენი დიაგნოზის გაგება…
-დიახ,  22 წლის ასაკში, დედის გარდაცვალებიდან დაახლოებით, 2 კვირაში ძუძუზე კვანძი აღმოვაჩინე, მაშინვე ანა მაზანიშვილს ვაჩვენე. დედასაც ძუძუს სიმსივნე ჰქონდა, ფაქტობრივად ყველაფერი გავუკეთეთ, მაგრამ სამწუხაროდ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

როცა საკუთარ თავზე იგებ ამ დიაგნოზს, თითქოს ყველაფერი მთავრდება, მაგრამ ასე არ არის, სინამდვილეში ცხოვრება გრძელდება. ალბათ, ესეც გამოცდაა, ამით ძლიერდები. ამ დაავადების შემდეგ გავძლიერდი, ბევრი რაღაც გადავაფასე, სხვანაირად დავფიქრდი. ვცდილობ ცუდშიც კი კარგი დავინახო.

  თავდაპირველად ადგილობრივი ამოკვეთა დამჭირდა, შემდეგ დამინიშნეს ქიმიოთერაპია, 6 კურსი გავიარე. ალბათ, როგორც ყველა გოგონასთვის, ამის შედეგად გაცვენილი თმები ჩემთვის ყველაზე მტკივნეული პროცესი იყო. მეგონა ამას ტირილით შევხვდებოდი, მაგრამ ნელ-ნელა შევეგუე. პარიკი მეკეთა, რომელსაც სახლშიც არ ვიხსნიდი, ან შარფს ვიკეთებდი, არ მინდოდა ძმიშვილებს ასე ვენახე. სხვათა შორის, ჩემმა ძმამ სოლიდარობის ნიშნად თავი გადაიპარსა.

ქიმიოთერაპიის შემდეგ ორივე ძუძუზე ცვლილებები იყო დაწყებული, ამიტომ ორმხრივი რადიკალური მასტექტომია დამჭირდა. ეს ალბათ, გენეტიკური ფაქტორით იყო განპირობებული. ონკოპლასტიკის პირველი ეტაპი გავიარე, რომელსაც ბოლომდე მივიყვან.

-ძალიან პოზიტიური ხართ, ალბათ ეს განწყობაც დაავადების დამარცხებაში ძალიან დაგეხმარათ.
-რა თქმა უნდა. ასევე  სხვა ადამიანების  სითბო, გვერდში დგომაც ძალიან დამეხმარა.  ასეთ დროს  ბრძოლისუნარიანი ხდები, რაღაც სხვა ძალა გეძლევა. ამ დროს იმაზე ფიქრობ, რომ აუცილებლად კარგად უნდა იყო, რადგან შენს საყვარელ ადამიანებს სჭირდები, მათ უყვარხარ და მათ გამო უნდა იცოცხლო.

-ნატუკა, ბევრი ქალბატონი ამ დიაგნოზს მალავს, თქვენ ამ თემაზე თამამად საუბრობთ.
-დიაგნოზი არ უნდა დამალო, რადგან ამით ყველაფერი არ მთავრდება, პირიქით, სხვებსაც უნდა დაეხმარო, ძალა მისცე. ზოგი ფიქრობს, რომ ეს განაჩენია, მაგრამ ასე არ არის! ცხოვრება გრძელდება და უნდა იბრძოლო. ყველა გოგოს ვურჩევდი, რომ წელიწადში ერთხელ ექოსკოპია, გამოკვლევა ჩაიტარონ, რომ მშვიდად იყვნენ. თუ ამ დიაგნოზს დაუსვამენ, აუცილებლად დაიწყონ მკურნალობა. ზოგიერთი გამოკვლევაზე იმის გამო არ მიდის, რომ ეს ფინანსებთანაა დაკავშირებული. თუმცა, ადრეულ სტადიაში აღმოჩენილ სიმსივნესთან ბრძოლა გაცილებით იაფი ჯდება, ვიდრე გართულებულის.

-ამ ეტაპზე რას საქმიანობთ?
-საქართველოს რკინიგზაში ქოლ-ცენტრის ოპერატორი ვარ.

pepper.ge