მთავარი სოციალური ცხოვრება მოგზაურობა „აჭარის ღვინის სახლი“ და განთქმული ჩხავერი

„აჭარის ღვინის სახლი“ და განთქმული ჩხავერი

სოფელ აჭარისწყალში (აჭარა) მდებარე რესტორანი და ღვინის საწარმო – „აჭარის ღვინის სახლი“ ადგილობრივ თუ ჩამოსულ სტუმრებს ყოველდღიურად მასპინძლობს. რაც მთავარია, ჩხავერის ღვინო მარაგში ყოველთვის აქვთ, რომელიც საქართველოში სხვა ღვინოებისგან გამორჩეული და საკმაოდ მოთხოვნადიც გახლავთ.

ჩხავერიის ჯიშის ყურძენი გურიაში, აჭარასა და აფხაზეთშია გავრცელებული. ის ძალიან ძვირად ფასობს (1კგ. – 4.5 ლ.). რესტორანი საკუთარ ვენახსაც ფლობს და ყურძენს ადგილობრივებისგანაც ხშირად იბარებს (სეზონზე 10 ტონამდე). ჩხავერის მოვლა არცთუ ისე მარტივია, ამიტომ წელიწადში მხოლოდ 7 000 ბოთლი ისხმება, სახელწოდებით – „პორტო ფრანკო“.

აჭარაში ჩხავერი ძირითადად, ქედას რეგიონშია მოსავლიანი. ჩაბარებისას ლაბორატორიაში ხარისხი ძალიან მკაცრად მოწმდება. დაშაქრიანება 22-24%-ს არ უნდა აღემატებოდეს. ყოველი დეტალი გასათვალისწინებელია და შეცდომის უფლება არ აქვთ. ყურძნის ხარისხი ღვინის ხარისხსა და დაწესებულების რეპუტაციაზეც მოქმედებს.

„პორტო ფრანკო“ საკმაოდ ძვირადღირებულია (1 ბოთლი – 50 ლ.). 2 საუკუნის წინ, ბათუმის პორტს „პორტო ფრანკო“ ერქვა (ღვინის სახელიც აქედან მოდის). ღვინო თეთრია და მშრალია. მის დასამზადებლად ყურძენი პირველი ყინვის შემდეგ, ნოემბრის მიწურულს ან დეკემბრის შუა რიცხვებში იკრიფება. ის ამ დროს უფრო დაშაქრული და ტკბილია.

საწარმო-რესტორანში „ცოლიკაურს“ (ქედის ყურძნისგან, ქვევრებში), „რქაწითელ ცოლიკაურს“ და „პორტო ფრანკო ცოლიკაურსაც“ ევროპული მეთოდებით ამზადებენ. „პორტო ფრანკოს“ გარდა, საწარმოში წელიწადში 10000-12000 ბოთლი თეთრი ღვინო ისხმება.

ბოთლებში ჩამოსხმული ღვინოები გასაყიდად არ გააქვთ. აქ ყველაფერი სტუმრებზეა გათვლილი. ტურისტული კომპანიები ზრუნავენ, რომ ღვინით დაინტერესებული ყველა ტურისტი „აჭარის ღვინის სახლს“ აუცილებლად ესტუმროს. სტუმრები აქ აჭარული ღვინისა და მისი ისტორიის შესახებ ამომწურავ ინფორმაციას იღებენ.

„აჭარული ღვინის სახლი“ ქართული ელემენტებითაა გაზავებული, თუმცა აქ ქორწილს საზღვარგარეთიდან ჩამოსული სტუმრები უფრო ხშირად იხდიან. რესტორანში ქართული ტრადიციული სუფრები არ იშლება (საკვების მრავალფეროვნება მენიუში შეზღუდულია). ამიტომ ტერიტორიაზე უფრო თანამედროვე და მოკრძალებული სიტუაცია გვხვდება.

საკვებიდან ყველაზე დიდი მოთხოვნა აჭარულ სინორზეა (ცომის ფირფიტები ნადუღით). საკვების გარდა, ბუნება და ჰაერიც განსაკუთრებულია. სტუმრები აჭარის მთიანი რეგიონის სიმშვიდეს გრძნობენ და ნამდვილ აჭარულ ღვინოს აგემოვნებენ. გასაკვირი არ არის, რომ ტერიოტირიას ყველა კმაყოფილი ტოვებს.