მთავარი აქტუალური თემა სოციალური ხანძრის გაჩენის მოლოდინში

ხანძრის გაჩენის მოლოდინში

ხშირად ხანძრის გაჩენის მიზეზად ელექტროგაყვანილობას ასახელებენ, თუმცა ზოგჯერ განზრახ ჩადენილ დანაშაულზეც საუბრობენ. ასევე, ხშირად ცეცხლი დაუდევრობისა და წინდაუხედაობის შედეგად ჩნდება. pepper.ge  ცნობილი, ძლიერი ხანძრებისა და მათი გამომწვევი მიზეზების შესახებ მოგითხრობთ:

ტანსაცმლის გადამამუშავებელი ქარხანა – Triangle, 25 მარტი, 1911 წ. 

ქარხანას – Triangle ვაშინგტონში, ერთ-ერთ ქუჩაზე, 10-სართულიანი შენობის პირველი 3 სართული ეკავა. თანამშრომლები (ძირითადად – იმიგრირებული ქალები) იტალიიდან, გერმანიიდან და სამხრეთ ევროპიდან იყვნენ ჩამოსულები. ისინი დღეში 14 საათს მუშაობდნენ და კვირაში 7$-ს იღებდნენ.

ხანძრის გაჩენის მოლოდინში

აალებად ტანსაცმელს შენობის ყველა კუთხეში ნახავდით. დიზაინერები სიგარეტს პირდაპირ მაგიდებთან ეწეოდნენ. ხშირად ფერფლი იატაკზე ხვდებოდა. წყლით სავსე ჭურჭლები თაროებზე ედოთ, რომლებითაც ხშირად ცეცხლის კერებს აქრობდნენ. კომპანიის წესების თანახმად, სამუშაო საათებში შენობის რამდენიმე გასასვლელი იკეტებოდა. სამუშაო დღის დასასრულს, თანამშრომლები რომელიმე ღია კართან რიგში დგებოდნენ და შემოწმების შემდეგ, შენობას ტოვებდნენ (მფლობელებს ეშინოდათ, რომ თანამშრომლები ძვირფას ქსოვილებს  მოიპარავდნენ).

ხანძარი

საღამოს 6 საათი ხდებოდა, როცა ქალები პირად ნივთებს ალაგებდნენ და სახლებში წასვლას გეგმავდნენ. ამ დროს ვიღაცამ დაიყვირა – „ცეცხლი!“ ცეცხლი ხალიჩებზე იყო მოდებული და უცებ ვრცელდებოდა, წყლის მისხმა უკვე არაფერს წყვეტდა. თანამშრომლები კუთხეში მოექცნენ და გაქცევას ვეღარ ასწრებდნენ, ბევრი მათგანი სახურავზე ავიდა.

ძალიან მალე ცეცხლმა ბოლო სართულამდე ააღწია. მეხანძრეები ცეცხლის ჩაქრობასა და შენობიდან გადმომხტარი ქალბატონების დაჭერას ერთდროულად ცდილობდნენ. მეხანძრეების მოსვლის შემდეგ, ხანძრის ჩაქრობას 18 წუთი დასჭიდა, თუმცა ქარხნის 179 თანამშრომელი უკვე გარდაცვლილი იყო.

რა შეიცვალა მას შემდეგ? 

დაღუპულების ნათესავები ქარხნის უფროსობას უჩიოდნენ და თანამშრომლების ამოწყვეტას აბრალებდნენ. ქარხნების კონტროლის სამსახური ჩამაოყალიბდა, რომელიც სამუშაო გარემოსა და პირობებს ამოწმებდა. კონტროლის სამსახურის დახმარებით, 36 ახალი კანონი დამტკიცდა. დამატებით სახანძრო დეპარტამენტს ხანძრის თავიდან არიდების ჯგუფი დაემატა. მათი მოვალეობა ოფისებში მისვლა და კანონებთან შესაბამისობაში ყოფნის გადამოწმება იყო. მაგალითად, ოფისის ყველა კარი ღია უნდა ყოფილიყო, ჭერზე კი ხანძრის საწინააღმდეგო წყლის სისტემა დამონტაჟებული უნდა ჰქონოდათ.

სკოლა – Our Lady of the Angels, 1 დეკემბერი, 1958 წ. 

ჩიკაგოს ერთ-ერთ პარკში მდებარე კათოლიკური სკოლა 1910 წელს ააგეს. შენობაში საბავშვო ბაღი და სკოლა (მე-8 კლასამდე) ფუნქციონირებდა.

ხანძრის გაჩენის მოლოდინში

რადგან საეკლესიო სკოლა იყო და არა – საჯარო, ოფიციალურად, უსაფრთხოების ზომები გატარებული არ ჰქონდათ. შენობის კედლებზე ხანძარსაწინააღმდეგო წყლის სისტემა დასამონტაჟებული იყო. ცეცხლის გაჩენისას სიგნალიზაცია სახანძროსთან პირდაპირ კავშირზე არ გადიოდა. ჩამაქრობლები კედელში ისე მაღლა იყო დამაგრებული, რომ ზრდასრული ადამიანიც ვერ მისწვდებოდა. შენობა მხოლოდ ხისგან იყო აგებული (კიბეები, კედლები, იატაკი, ყველა კარი). კედლებზე რამდენიმე ფენა შპალერი ეკრა.

ხანძარი

ხანძარი სარდაფში გაჩნდა (ვარაუდობდნენ, რომ სპეციალურად გააჩინეს). ცოტა ხნის განმავლობაში, სარდაფში ვაკუუმი იდგა, სანამ ფანჯრები გასკდა და ჟანგბადი შემოვიდა. კვამლი სარდაფიდან ზევით ავიდა და ხის კიბეები დაამტვრია.

პირველი სართულის დერეფანს ხანძრის დამცავი კარი ჰქონდა. ამიტომ ცეცხლი ჯერ მეორე სართულზე ჩამტვრეული კიბეების საშუალებით გავრცელდა. როგორც კი დერეფანში კვამლი შეამჩნიეს, ხანძრის სიგნალიზაცია ჩართეს, თუმცა პირველ სართულზე მყოფებს სასწავლო სიგნალი ეგონათ და ბავშვებმა სერიოზულად არ აღიქვეს.

მეორე სართულის კარებმა მტვრევა დაიწყო. შავი კვამლი ოთახებში დგებოდა. ბავშვები ჩამტვრეულ კიბეებზე ვერ ჩადიოდნენ და სუფთა ჰაერის შესუნთქვის მიზნით, ფანჯრებთან დგებოდნენ. საბოლოოდ, როცა მეხანძრეები მოვიდნენ (ვინც სახანძრო სამსახურში დარეკა, არასწორი მისამართი დააფიქსირა), ნახეს, რომ მეორე სართულზე ასვლა შეუძლებელი იყო. გამოუვალ სიტუაციაში ბავშვები ფანჯრებიდან ცვიოდნენ, რასაც მშობლები შორიდან ხედავდნენ. ხანძრის დროს 92 ბავშვი და 3 მასწავლებელი გარდაიცვალა.

რა შეიცვალა მას შემდეგ? 

ხანძრის შემდეგ, ქვეყნის მასშტაბით, ყველა სკოლაში (როგორც საჯაროში, ასევე – კერძოში) უსაფრთხოების ყველა წესი დაცული უნდა ყოფილიყო. დაახლოებით, 17000 სკოლის უსაფრთხოების სისტემა გადაიხედა. პირველადი ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები დამონტაჟდა და გამონაკლისის გარეშე, სკოლების საგანგაშო სისტემები პირდაპირ სახანძრო სამსახურებთან დაკავშირდა.

კლუბი – Beverly Hills Supper Club, 28 მაისი, 1977 წ.

ცინცინატიდან არც თუ ისე შორს, საკმაოდ დიდი საბანკეტო და საკლუბო დარბაზი – Beverly Hills Supper Club მდებარეობდა. ლას-ვეგასის მსგავსად, აქ გასართობად უამრავი ადამიანი ჩამოდიოდა.

ხანძრის გაჩენის მოლოდინში

კლუბის მფლობელებმა შექმნეს ადგილი, სადაც ხანძარსაწინააღმდეგო არც ერთი აუცილებელი პირობა დაცული არ იყო. ხალიჩები და სკამის ზედაპირზე დაფარებული ქსოვილები სწრაფად აალებადი გახლდათ. გარდა ამისა, სკამები ისეთი მასალისგან იყო დამზადებული, რომ წვის დროს მომწამვლელ ნივთიერაბას გამოყოფდა. ზედა სართულზე საავარიო გასასვლელი არ არსებობდა. არქიტექტორებს, რომლებიც შენობის დაპროექტებაზე მუშაობდნენ, ლიცენზია არ ჰქონდათ. შენობაში ალუმინის ელექტრო გაყვანილობა იყო, რომელიც როგორც ცნობილია, ცეცხლის გაჩენას ხელს უწყობს.

ხანძარი

ხანძრის მიზეზი ვერ გაარკვიეს, თუმცა მანამდე ერთ-ერთი სტუმარი ირწმუნებოდა, რომ ქორწილის სტუმრებისთვის განკუთვნილ მოსაცდელში განსაკუთრებულად ცხელოდა. როცა ოთახი დატოვეს, კარი დაკეტილი დარჩა. საღამოს 9 საათზე დამლაგებელი ოთახში შევიდა, კვამლი შენიშნა და მაშინვე მენეჯერებს შეატყობინა. მენეჯერები ხანძრის ჩაქრობას, რომელიც მოსაცდელ ოთახს მოედო, უშედეგოდ ცდილობდნენ.

ხანძარს საკუთარი ძალებით ვერ ჩააქრობდნენ. ამიტომ დარბაზში ხალხის გასაყვანად შევიდნენ. ხალხს მსახიობი სცენიდან ართობდა. მენეჯერი მიკრაფონს სწვდა და სტუმრებს სთხოვა, შენობა მშვიდად დაეტოვებინათ. რამდენიმე ადამიანი მაშინვე გასასვლელისკენ წავიდა, თუმცა უმრავლესობას თხოვნა ხუმრობის ნაწილი ეგონა. რამდენიმე წამში ოთახში ხანძარმა შემოაღწია და მაშინვე ყველაფერი კვამლმა მოიცვა. იქ მყოფებს მაგიდებისგან შექმნილი ლაბირინთის გავლა უწევდათ, თუმცა გასასვლელის დანახვას ვერ ახერხებდნენ. მალე ყველაფერს ცეცხლი მოედო. მეხანძრეები ცოტა ხანში მოვიდნენ, მაგრამ შიგნით შესვლას ვერ ახერხებდნენ. გარდაცვლილებს ყველა კუთხეში ნახავდით. იმ დღეს კლუბში 165 ადამიანი გარდაიცვალა, ბევრიც – კვამლისგან მოიწამლა.

რა შეიცვალა მას შემდეგ? 

ხანძრის შემდეგ სპეციალური გამოძიება ჩატარდა. შედეგად რამდენიმე კანონი შემოიღეს, მათ შორის – ალუმინის ელექტროგაყვანილობა აიკრძალა, ყველა გასასვლელზე საავარიო განათების დამონტაჟება სავალდებულო გახდა, ხოლო იატაკის ხალიჩები და სკამები არამომწამლავი მასალისგან უნდა შეკერილიყო.

ადამიანებს, რომლებიც ძლიერ ხანძარს გადაურჩნენ, ერთი რამ აქვთ საერთო: ისინი საკონცერტო დარბაზში, ოფისში, ბარში თუ სხვაგან, სადაც არ უნდა იყვნენ, უსაფრთხოების ნორმებს ყოველთვის იცავენ. ამასთანავე, სახელმწიფო მოსახლეობას უსაფრთხოებისთვის აუცილებელ პირობებს უნდა უქმნიდეს.

pepper.ge